2015 წლის საგრანტო პროგრამის „ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების ჩართულობა-არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

2015 წლის საგრანტო პროგრამის „ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების ჩართულობა-არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე“  ფარგლებში გაიცა 6 გრანტი.

 

მხარდაჭერილი პროექტები:

 

1.აპლიკანტი:Vox Populi

პროექტის სათაური: არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

საქართველოს 3 ქალქში (გორი, თელავი, ქუთაისი) ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის კონკურსის გზით შეირჩევა 6 სტუდენტი, რომლებიც ქალთა პრობლემებზე ქალაქსა და რეგიონში, სირთულეებზე და აქტივიზმზე დაწერენ სტატიებს. ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალა განთავსდება პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე და გავრცელდება სოციალურ ქსელში.

 

2.აპლიკანტი:ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის კომიტეტი

პროექტის სათაური: ვსწავლობთ არა სწავლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის

რეგიონი: ოზურგეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის განხორციელება იგეგმება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 თემში: ნარუჯა, ნასაკირელი, მელექედური და მაკვანეთი. ძდექ-ის გურიის კომიტეტის ახალგაზრდული ფრთა შეარჩევს 20 გოგონას, რომლებსაც ჩაუტარებენ ტრენინგს ქალთა უფლებებზე და ძალადობაზე; თემებში ჩამოყალიბდება გოგონათა კლუბები, ისინი გახდებიან თანატოლ-განმანათლებლები და გამართავენ დისკუსიებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე; ჩაატარებენ სპორტულ შეჯიბრებებს თანატოლ ბიჭებთან სლოგანით - „ჩვენ თანასწორნი ვართ“; ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მოაწყობენ აქცია-მსვლელობას და დაარიგებენ საინფორმაციო ფურცლებს, ასევე, პროექტის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ facebook-ის საშუალებით.

 

3.აპლიკანტი:პარტნიორობა თანასწორობისთვის

პროექტის სათაური: ადრეული და იძულებით ქორწინების პრევენცია

რეგიონი: რუსთავი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია ადრეული და იძულებითი ქორწინების პრევენცია და პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა სამიზნე ჯგუფის ცნობიერების ამაღლების და ადვოკატირების გზით. ორგანიზაცია გეგმავს ორი ვიდეო-რგოლის მომზადებას; საინფორმაციო ბროშურის გავრცელებას; პროექტის პრეზენტაციას დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებთან; ტრენინგების ორგანიზებას. სამიზნე აუდიტორიაა სკოლის მოსწავლე გოგონები გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის 20 სკოლიდან, მათი მშობლები, ასევე კრიმინალური პოლიციის ინსპექტორები.

 

4.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „გაუფერადე სამყარო - საჩხერე“

პროექტის სათაური: არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე

რეგიონი: საჩხერე

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 575 ლარი

საინიციატივო ჯგუფი შედგება საჩხერის საჯარო სკოლის მოსწავლე XI კლასელი გოგონებისგან. პროექტის მიზანია ახალგაზრდა გოგონებში ამაღლდეს ცნობიერება ლიდერი ქალის შესახებ, რისთვისაც ჯგუფი აპირებს ლიდერ ქალთა კლუბის ჩამოყალიბებას; კლუბში გაწევრიანებული გოგონებისთვის ტრენინგების ჩატარებას და ცნობილი ლიდერი ქალების მოწვევას; ასევე  გააცნობენ მსოფლიო ისტორიიდან ცნობილი ქალების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. კლუბის წევრები ერთი დღით ჩამოვლენ თბილისში და შეხვდებიან რომელიმე ცნობილ ლიდერ ქალს. გარდა ამისა, დაიბეჭდება და გავრცელდება ბუკლეტები ლიდერობასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით და მოეწყობა კინოჩვენება რომელიმე ცნობილ ლიდერ ქალზე.

 

5.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდა ფემინისტები“

პროექტის სათაური: ქალები მომავლისთვის

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და სამეგრელო - ზემო სვანეთში ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონის გაზრდა ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის და ფემინისტური მოძრაობის საკითხებზე. პროექტის ამოცანებია რეგიონებში ახალგაზრდების ინფორმირება და მოტივირება გენდერულ კამპანიაში ჩასართავად, ახალგაზრდა ფემინისტების ქსელის შექმნა.

 

6.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ნატვრის ხე“

პროექტის სათაური: მალალასთან ერთად

რეგიონი: ლაგოდეხი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა:2500 ევრო

პროექტის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებში (ქართველები, ოსები, აზერბაიჯანელები) სამოქალაქო განათლების მიღების ხელშეწყობა, არაძალადობრივი ღია საზოგადოების შექმნა, ქალებისა და გოგონების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, წიგნიერებისა და განათლების ზრდის ხელშეწყობა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების გზით. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წიგნის „მე ვარ მალალა“ პრეზენტაცია. თითო-თითო წიგნი გადაეცემა ლაგოდეხის 28 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, მუნიციპალიტეტის მთავარ და საბავშვო ბიბლიოთეკებს.