ტრენერთა ტრენინგი დიგიტალურ უსაფრთხოებაში

2016 წლის 26-30 იანვარს, ქალთა ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან Front Line Defenders დაTactical Technology Collective თანამშრომლობით თბილისში ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი დიგიტალურ უსაფრთხოებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალთა უფლებების დამცველებმა საქართველოდან და სომხეთიდან.

 

„მე, როგორც ფემინისტმა და ადამიანის უფლებათა აქტივისტმა კარგად ვიცი, რომ მუდამ ვარ  თვალთვალის და მიყურადების საფრთხის ქვეშ. მე ადრეული ასაკიდან ვიყავი გატაცებული კომპიუტერული ტექნოლოგიებით, ჩემი კომპიუტერით ბევრ ექსპერიმენტს ვაკეთებდი და ვიყავი აქტიური გეიმერი, რაც გარკვეულად არღვევს უამრავ სტერეოტიპს, რადგან ტექნილოგიების სფეროში ქალის აქტიურობა  მაინც უჩვეულოა. ამ ტრენინიგის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიკუთვნებულობის განცდა სხვა ქალებთან, რომლებმაც იციან ის, რაც მე ვიცი და რომლებთანაც ერთ ენაზე, ტექნოლოგიების ენაზე, ვლაპარაკობ,“ ამბობს კარა აღაჯანიანი, ფემინისტი აქტივისტი სომხეთიდან.  

 

დიგიტალური უსაფრთხოების  პრაქტიკისა და რისკის შეფასების კარგად გააზრება საადვოკაციო საქმიანობის კომპონენტებია. ადამიანის უფლებათა დამცველები საქართველოში და სომხეთში იყენებენ კომპიუტერებს და ინტერნეტს თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში და ინფორმაციის გაცვლა ჩვეულებრივი ამბავია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. თუმცა ეს დიგიტალური თუ საკომუნიკაციო ინფორმაცია არც თუ უსაფრთხოა და ხშირად სერიოზულ პრობლემებს უქმნით უფლებადამცველებს.  

 

ნინო გამისონია, ფემინისტი აქტვისტი ამბობს: „ეს ჩემთვის მესამე ტრენინგია დიგიტალურ უსაფრთხოებაში და პირველია, როგორც მომავალი ტრენერისთვის. ყოველი ტრენინგის შემდეგ კიდევ უფრო ვრწმუნდები რაოდენ საჭიროა აქტივისტისთვის დიგიტალური უსაფრთხოების საშუალებების ცოდნა და გამოყენება, საკუთარი თავის და თანამოაზრეების დასაცავად ბულინგისგან და ჰაკერებისგან“.

 

დიგიტალური უსაფრთხოების 5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ დაცული დიგიტალური კომუნიკაციის სხვადასხვა ტექნიკებს და სტრატეგიებს, მგრძნობიარე მონაცემთა თუ ინფორმაციის  მენეჯმენტს. ტრენინგის მონაწილეებმა გაიარეს ტექნიკური და პედაგოგიური უნარების დახვეწის კურსი,  გაეცნენ არსებულ რესურსებს და საუკეთესო გამოცდილებებს, როგორ მოამზადონ და ჩაატარონ ტრენინგები სხვა აქტივისტებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე.

 

„ჩემთვის, დიგიტალური უსაფრთხოების ტრენინგი არის ძალიან მგრძნობიარე პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს დაცული სივრცის შექმნას ინტეგრირებული უსაფრთხოების მიდგომის დასანერგად და მონაწილეთა დიგიტალური ინდენტობის თუ ინფორმაციის მაქსიმალურად დასაცავად.  ტრენინგის შემდგომ ძალიან შევეცდები სხვა ფემინისტებს და აქტივისტებს დავეხმარო დიგიტალურ სამყაროში ჩვენი მოწყვლადობის გააზრებაში,“ ამბობს სალომე ჩაგელიშვილი, ფემინისტი აქტივისტი და ტრენინგის მონაწილე.

 

„ამ ტრენინგის შემდგომ, ვაპირებ, დიგიტალური უსაფრთხოებისა და ინტეგრირებული უსაფრთხოების ტექნიკებს თავი ერთად მოვუყარო და ტრენინგები ჩავუტარო ლგბტ თემის წევრებს სომხეთში,“ გვეუბნება  ჰეგინე ბაბაიანი, აქტივისტი სომხური ორგანიზაციიდან „ფინქ არმენია“. 

 

ტრენერთა ტრენინგი დიგიტალურ უსაფრთხოებაში ჩატარდა ნიდერლანდების საელჩოსა და კვინა ტილ კვინას სამხრეთ კავკასიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. ქალთა ფონდი მადლობას უხდის დონორებს და ტრენერებს ორგანიზაციებიდან Front Line Defenders და Tactical Technology Collective.