ჟანა გლადკო - „ძალის პროვოცირება”

სახელოვნებო ორგანიზაცია გეოეარმა, „ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით მოაწყო ბელარუსი ხელოვანის, ჟანა გლადკოს პერსონალურ გამოფენა. გამოფენა გაიმართა საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.


ჟანა გლადკო  ბელარუს ხელოვანთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია. სხვადასხვა მედიის საშუალებით ის მუშაობს აქტუალური ფემინისტური თეორიის კონტექსტში გენდერის საკითხსა და სხვა თემებზე. ცხოვრობს და მოღვაწეობს მინსკში (ბელარუსი).


თბილისის გამოფენის ფარგლებში ხელოვანმა გააერთიანა და თავი მოუყარა საკვანძო ფრაგმენტებს მისი პროექტიდან „ძალის პროვოცირება.” პროექტი შედგება საკმაოდ მასშტაბური სახელოვნებო არქივისგან: სხვადასხვაგვარი ობიექტების კოლექცია, სახელოვნებო აქციების დოკუმენტაცია, ავტოპორტრეტების სერია, ხმოვანი და ვიდეო ნამუშევრები, ასევე, ნაპოვნი საგნები. თბილისში გამართული გამოფენის ფარგლებში, ხელოვანმა პირველად გააერთიანა პროექტის ყველა ის ნაწილი, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული ცალკეულად იყო ნაჩვენები სხვადასხვა გამოფენებზე. გარდა ამისა, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, ჟანა გლადკომ სპეციალურად ამ გამოფენისთვის გაზარდა ავტოპორტრეტების სერია. სახელოვნებო-კვლევითი პროექტის „ძალის პროვოცირება” ერთ-ერთი მიზანია, ქალური სუბიექტურობის გააზრება პატრიარქალურ სისტემაში, სადაც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში მამის და მამაკაცის ინსტანცია წარმოადგენს ძალაუფლების გადანაწილების საწყის წერტილს.


მისი ყველა ნამუშევარი ამბივალენტური გამოსახულებების შექმნით მიმართულია ისეთი მასშტაბური ცნებების გადააზრების/დეკონსტრუქციისკენ, როგორებიცაა გენდერული პოლიტიკა და პატრიარქატი, რელიგია და კულტურა, ხელოვნების სისტემა და საზოგადოება. ამ თემების აქტუალურობას, ჟანა გლადკო ხაზს უსვამს პირადი გამოცდილების კვლევით.
 

პროექტი „ძალის პროვოცირება” ხელოვანის საკვანძო ნამუშევარია. ბელარუსის თანამედროვე ხელოვნების შესწავლის პლატფორმის - „კალექტორის” ექსპერტების მიერ იგი დასახელებული იყო ბოლო 50 წლის ბელარუსის ხელოვნებაში 40 ყველაზე გავლენიან ნამუშევარს შორის.

გამოფენის დახურვის დღეს 19 მარტს გაიმართა ხელოვანთან შეხვედრა და დისკუსია, რომლის ფარგლებში ჟანა გლადკომ ისაუბრა, ზოგადად, მის შემოქმედებაზე და კონკრეტულად თბილისში წარმოდგენილ პროექტზე. შედგა საკმაოდ ცოცხალი და საინტერესო დისკუსია ხელოვნების ფორმების, კრიტიკული მიდგომის, პირადულის და პოლიტიკურის კავშირის შესახებ.