ქალთა ფონდი საქართველოში დოკუმენტურ სპექტაკლ Seven-ს დგამს

ქალთა ფონდის ორგანიზებით საქართველოში დოკუმენტური სპექტაკლი Seven დაიდგმება.

 

Seven, რომელიც შვიდი აქტივისტი ქალის საქმიანობის ისტორიას მოგვითხრობს, უკვე 32 ქვეყანაში წარმატებით დაიდგა. საქართველოში სპექტაკლის გამართვა ნოემბრის თვეშია დაგეგმილი.

 

14-16 ივნისს, შვედეთის ინსტიტუტის ორგანიზებით, ღონისძიების დეტალების განსახილველად შეხვედრა გაიმართა. ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს როგორც პროექტის კოორდინატორებისგან, ასევე უკრაინის ქალთა ფონდის წევრებისგან, რომელთაც გასულ წელს წარმატებით გაართვეს თავი სპექტაკლის ორგანიზებას.

 

სპექტაკლის დადგმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ყველა ქვეყანაში კარგად იყოს მორგებული ადგილობრივ კონტექსტს. შესაბამისად, სამდღიანი შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ქალებს დღესდღეობით საქართველოში აქვთ. ქალთა ფონდმა ყურადღების გამახვილება სექსუალური შევიწროვების საკითხზე გადაწყვიტა, რაც საკმაოდ მწვავე, თუმცა ნაკლებად წინ წამოწეული თემაა.

 

შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, სამიზნე აუდიტორია და მესიჯები, რომლებზეც ქალთა ფონდი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს.