ქალთა კამერული გუნდის საქველმოქმედო კონცერტი გორში

ოთხშაბათს, 29 ივნისს, 19:00 საათზე, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში გორის ქალთა კამერული გუნდის საქველმოქმედო სოლო კონცერტი გაიმართება.

 

კონცერტის მიზანია მხარი დაუჭიროს „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ ინიციატივას, გორში შეიქმნას ხელოვნების სახლი. საინიციატივო ჯგუფი, „ახალგაზრდა ფემინისტები“, რომლებიც უკვე ორი წელი ქალთა ფონდთან თნამშრომლობენ, აღნიშნული პროექტის (ხელოვნების სახლი) იდეის ავტორები და „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ დამაარსებლები არიან. ამ მხრივ, საინციატივო ჯგუფმა მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება, მათ ქალთა ფონდისაგან გადაეცათ საგრანტო პროეტი, რომლის დასკვნითი ეტაპიც აღნიშნულ შენობაში გაიმართება.

 

გორში, ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე შენობაში, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, რეაბილიტაციის შემდგომ, ხელოვნების სახლი მოეწყობა, მომავალში კი ის ფემინისტურ დატვირთვასაც შეიძენს.

 

„ქართველი ფემინისტები უკან მომავალში“ საინიციატივო ჯგუფის მეორე პროექტია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას ქალთა ფონდი უწევს. პირველი პროექტის - „ქალები მომავლისთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდა ფემინისტებმა საქართველოს  5 რეგიონში ჩაატარეს ტრენინგები, მოამზადეს 2 ვიდეო რგოლი და ჩაატარეს ბენეფიციარების გამოკითხვა. პროექტის დასასრულს, 5 მათგანი იმყოფებოდა ბერლინში, სადაც პოდკასტების კეთება შეისწავლეს.