ქალთა ფონდის ორგანიზებით ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორკშოპი ჩატარდა

15-17 ივლისს, აბასთუმანში „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ორგანიზებით “ინტეგრირებული უსაფრთხოების” ვორკშოპი  ჩატარდა.

 

ინტეგრირებული უსაფრთხოება არის ახალი მიმდინარეობა, რომელიც შეიქმნა ქალი უფლებადამცველებისთვის. მისი მთავარი ფოკუსია იმ რისკების, საფრთხეების, პრობლემების იდენტიფიცირება, რომელსაც ვაწყდებით აქტივიზმში და შემდეგ კი შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება ამ პრობლემებთან გამკლავებისა და გამოფიტვის თავიდან აცილებისთვის. 

 

ვორკშოპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მის მონაწილეებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი და ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ. პირველი დღე სწორედ გაცნობას, ნდობის კულტივირებას, უსაფრთხოებას, და საფრთხეებთან გამკლავების სტრატეგიებს დაეთმო.

 

გარდა პირადი ისტორიების გაზიარებისა, მონაწილეები ერთ გუნდად საერთო აქტივობამ - ხის დარგვამაც შეკრა. პარალელურად, ფასილიტატორებმა ისაუბრეს უსაფრთხო ეკოლოგიურ გარემოზე, მწვანე საფარის განადგურების პრობლემასა და ხეების სიმბოლიკაზე. 

 

ემოციურად საკმაოდ დატვირთული ორი დღის შემდეგ, 17 ივლისი მთლიანად დაეთმო დასვენების უფლებას, ემოციებსა და კეთილდღეობას. რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა ტყეში, რაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა თითოეული მონაწილისათვის.

 

მათი აზრით, სავარჯიშოების მრავალფეროვნება საშუალებას იძლეოდა, ყველა მონაწილეს მისთვის საინტერესო მეთოდი და ინფორმაცია წაეღო. ზოგი რაციონალიზაციის, მსჯელობითი პროცესიდან უფრო ეფექტურად იღებდა მისთვის საჭირო გამოცდილებას, ზოგი კი - ემოციური, სხეულებრივი და სუნთქვითი სავარჯიშოების ეფექტურობას უსვამდა ხაზს შეფასების დროს.

 

პროექტი, რომლის ფარგლებშიც „ქალთა ფონდმა საქართველოში“ აღნიშნული ვორქშოპი ჩაატარა, ხორციელდება OAK Foundation-ის მხარდაჭერით.

 

იხილეთ ფოტო ალბომი