კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2016

კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2016

 

ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად,  29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.


კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი. 

 

კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისება. 

 

2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2014 წელს კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა მარინა თაბუკაშვილი - ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი.2015 წელს კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება.

 

ამჯერად, ქალთა ფონდი იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეოთხე დაჯილდოვებისთვის მზადებას.

 

ნომინირების პირობები

 

-         კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს

-         თვითნომინირება დაუშვებელია

-         ნომინირებული ვერ იქნება ორგანიზაცია

-         არასრულად შევსებული ფორმა არ განიხილება

 

პრემიის კრიტერიუმები

 

-         კანდიდატი პირდაპირ უნდა იყოს ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში

-         უნდა იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური

-   ხელს უწყობდეს ქალთა უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების

-         ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას

-        აქტიურად იყოს ჩართული ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში

-         უნდა საქმიანობდეს საქართველოში

 

კანდიდატების წარდგენა იწყება 2016 წლის 29 სექტემბერს  და ბოლო  ვადაა 2016 წლის  1 ნოემბერი.

 

2016 წლის ნომინანტების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმის მეშვეობით.

 

პრემიის მფლობელი გამოვლინდება საგანგებოდ შექმნილი კომპეტენტური ჟიურის მიერ და დაჯილდოვდება კატო მიქელაძის პრემიის საზეიმო ცერემონიაზე.

 

საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.

 

პრემიის მხარდამჭერები არიან   გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედური ქალთა ფონდის "კვინა ტილ კვინა" სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა, ჰოლანდიური ქალთა ფონდი „მამა ქეში“ და გაეროს განვითარების პროგრამა.