ბოზი, ლესბოსელი და ენატლიკინა

წარმოგიდგენთ მაია ტაბიძის ბლოგპოსტს, რომელიც "ქალთა ფონდი საქართველოში"-ს მიერ ორგანიზებული სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში მომზადდა. 
 
 
ბოზი 
 
ბავშვობაში ერთი მდგმური გვყავდა, მოდი პირობითად მონიკა ვუწოდოთ. მონიკაზე ამბობდნენ, რომ ბოზია. მონიკას სახლში ბევრი რბილი სათამაშო ჰქონდა, რომლებთანაც  სათამაშოდ ჩავდიოდი ხოლმე. მაგრამ სინამდვილეში მე მონიკას ნახვა მინდოდა. მონიკასთან ერთი კაცი დადიოდა. ამ კაცს საყვარელი ერქვა, რომელსაც ვერ ვიტანდი, არა და დედა ამბობდა, რომ ძალიან კარგი ბიჭი იყო და მონიკასაც კარგად ექცეოდა, არაფერს აკლებდა. მე მაინც მარტო ჩემთვის მინდოდა მონიკა. მახსოვს, ერთხელ ფრჩხილების საჭრელი მაკრატლით შევიჭერი თმა, მონიკას რომ დავმსგავსებოდი. მეგონა მონიკას უფრო მოვეწონებოდი თუ მისნაირი ვიქნებოდი, უფრო მეტად თავისიანად ჩამთვლიდა. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში „ბოზი“. ბოზი ლამაზი და ძლიერი იყო, ტკბილი სუნამოს სუნი ასდიოდა, ლამაზად და დახვეწილად ეცვა, მაკიაჟს არ ატარებდა, მარტო ღია ხორცისფერი პომადა ესვა. შავი ფერის ტანსაცმელი და წვრილქუსლიანი ფეხსაცმელები უყვარდა. რაც ყველაზე მთავარია - ,,ბოზი” მონიკა ყველას უნდოდა.  
 
„ბოზი“ ჩემეულ წარმოდგენაში შეიძლება განსხვავდება ზოგადი ხატისგან, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება - „ბოზი“ ყველას უნდა და ეს „ბოზის“ ბრალია. „ბოზი“ აცდუნებს, აწვალებს, ეთამაშება კაცებს. ის აიძულებს მათ ძალა იხმარონ, რადგან ბოზს უყვარს როცა უტყამენ და აუპატიურებენ. „ბოზი“ არაა უბრალოდ მონიკა, რომელიც სექსუალურ მომსახურებას თურქეთში ყიდდა 90-იანებში, ბოზი ყველა ქალში ცხოვრობს. ყველა ქალი ბოზია. ყველა ქალი ასევე დანაწევრებულია, არსებობს როგორც დიდი ტრაკი, პატარა ძუძუ, წითელი ტუჩები -  ქალი/ბოზი არასდროსაა მთლიანი. მნიშვნელობა არ აქვს როდის - დილით, ნაშუადღევს, ღამე; სად -  მიწისქვეშა გადასასვლელში, ტროტუარზე;  როგორ აცვია  - მოკლე კაბით, გრძელი კაბით, შარვლით - ბოზობა არც ტანსაცმელზე, არც დროის მონაკვეთზე, არც ადგილზეა დამოკიდებული. ჩემთვის ყველაზე უცნაური მაინც იმის აღმოჩენა იყო, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყო ბოზი. 11 წლისას ვიღაც ავტობუსში პენისს თუ მოგიხახუნებს, თურმე შენი ბრალია. შენ „გამოიწვიე“ შენი ჯინსის შარვლით, ყურებიანი ქუდით და დუტის ქურთუკით. რადგან შენი „ბოზობა“ სხვებმა - უფროსებმა გადაწყვიტეს.  
 
ქალი თუ ხარ მუდმივად უნდა გეშინოდეს ბოზი არ გიწოდონ. ერთხელ რიკოთზე, რომელიღაც „ზაბეგალოვკაში“ გავჩერდით ყავის დასალევად. გვერდით მაგიდაზე ქალი ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა. ძალიან გაბრაზებული ჩანდა: „თვითონ გამოიწვევდა, თორემ აბა ისე ხელს როგორ დააკარებდა ის კაცი, ახლა კიდევ უჩივის და არც რცხვენია.“ 
 
სირცხვილის გრძნობა შენთვის ცენტრალურია. უნდა გრცხვენოდეს, თუ გრძელი კაბა გაცვია, იმიტომ რომ არ ხარ სასურველი, რაღაცას მალავ ქვეშ; უნდა გრცხვენოდეს, თუ მოკლე კაბა გაცვია, ე.ი. გინდა რომ შენი სხეული დაინახონ; უნდა გრცხვენოდეს, თუ შარვალი გაცვია, ე.ი. გინდა ტრაკი კარგად გამოგიჩნდეს; უნდა გრცხვენოდეს, თუ ავტობუსში დგახარ, ე.ი. უკეთ გეხახუნებიან; თუ ზიხარ, უკეთ გეხახუნება გვერდზე მჯდომი. ერთი სიტყვით, ყველაფრის უნდა გრცხვენოდეს - უნდა გრცხვენოდეს რომ ქალი ხარ. ისიც უნდა გრცხვენოდეს, თუ ერთ დღეს აღარ მოგინდა იყო ქალი.  
 
ეს სირცხვილი შენი ქცევიდან, ჩაცმის სტილიდან არ მოდის. შესაბამისად მას ვერც შენი კაბის დამოკლება-დაგრძელებით, ან დღის კონკრეტულ საათში და კონკრეტულ უბანში სიარულით შეცვლი. ეს სირცხვილი კაცებმა მოიგონეს დიდი ხნის წინ და ახლა ისე კარგად გავითავისეთ ქალებმა, რომ ზოგჯერ კაცებისგან შეხსენებაც აღარ გვჭირდება - „თუ სხვას ბოზს ვუწოდებ, მე აღარავინ დამიძახებს ბოზს.“ სირცხვილის მიზეზი თავის მხრივ შიშია. ქუჩაში უკან ამიტომ იყურები, როცა სახლში მოდიხარ, ამიტომ არ უყურებ კაცებს თვალებში, ამიტომ დადიხარ მოკუნტული და ითვლი დაფურთხებულებს მიწაზე. რისი გეშინია? შეხების, მზერის, სუნთქვის, ჩრდილის, წაბარბაცებული კაცის, ბირჟაზე ჩაცუცქული კაცის, კაცის ჯიპში, მუშა კაცის, მამაო კაცის, ჰალსტუხიანი კაცის, უფროსი კაცის, ნათესავი კაცის – ყველასი, ვინც შეიძლება თავს უფლება მისცეს და ტრაკზე ხელი წაგავლოს, რამე მოგაძახოს, ყლის მოწოვა მოგთხოვოს. იმიტომ რომ თუ ყველა ქალი ბოზია, ყველა კაცი ღორია, რომელსაც საკუთარი სურვილების კონტროლი არ შეუძლია, შენ კი იმიტომ შეგქმნა გამჩენმა, რომ ეს სურვილები აკმაყოფილო, რაიმე ფორმით. თუმცა არიან ისინიც, ვინც ამ სურვილების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ. ლესბოსელები! 
 
ლესბოსელი
 
-საით მიდიხართ გოგოები? -არაა შენი საქმე! -რატომ ასე აგრესიულად? ….. -თქვენ ერთმანეთი გიყვართ? -არაა შენი საქმე! - თან მაგრად მაქვს ჯიბეში ჩემი წიწაკის სპრეი ჩაბღუჯული და ველოდები მანქანიდან თავი ამოყოს, სახეში რომ შევასხა. კიდევ ცოტა ხანი მოგვყვება, ჩვენ მოპირდაპირე მხარეს გადავდივართ. მთელი გზა უკან ვიყურები, თან ნერვები მეშლება, თავში ასჯერ ვალაგებ სხვადასხვა სცენარს რა შეიძლებოდა მეთქვა. კი, ერთმანეთი გვიყვარს! და მერე რა?! უფრო აგრესიული გახდებოდა? უფრო მეტად გაბრაზდებოდა? დაგვცინებდა? ერთი ზუსტად ვიცი: ნამდვილად არ დაგვანებებდა თავს!  
 
ასეთ სიტუაციებში სწორი პასუხი არ არსებობს, არც სწორი საქციელი არსებობს, არც რაიმე ფორმულა, იმიტომ რომ მთლიანად დამოკიდებულება არის თავიდან ბოლომდე უსამართლო. არსებობს მხოლოდ სიტუაციური გამოსავალი, რომ იმ მომენტში გადარჩე, თავი დაიძვრინო, გაიქცე, უსაფრთხოდ განერიდო, ის მორალური ზიანი შეამცირო, რომელსაც ყოველი ასეთი შემთხვევა გაყენებს. ან ერთხელაც აიღო და თავში ქვა ჩაარტყა, წიწაკის სპრეი (დიდი იმედით რომ ვიყიდე რამდენიმე თვის წინ და ჯერ არ გამომიყენებია) ერთხელ მაინც შეასხა სახეში. თუმცა პირველი, რასაც ამ დროს გეუბნებიან არის,  რომ პოლიცია უნდა გამოიძახო. დავმუქრებივარ კიდეც პოლიციით და იმუშავა ერთხელ, მაგრამ ზოგჯერ პოლიციის გამოძახების შესაძლებლობა არ გაქვს. იქნებ მართლაც გვიყვარს მე და ჩემს მეგობარ გოგოს ერთმანეთი, იქნებ არ მინდა, რომ პოლიციელებმა ეს გაიგონ?!  
 
მოკლედ „ლესბოსელობა“  რომც დაიბრალო ან გაამჟღავნო მაინც ვერ დაიძვრენ თავს. იმიტომ რომ უარს ეუბნები არა მარტო იმ კონკრეტულ კაცს, არამედ არ ემორჩილები მისი თამაშის წესებს. თუ ბოზი იმსახურებ, რომ კარგად გაგჟიმონ, ბოზს თურმე გინდა კიდეც რომ გაგჟიმონ. ლესბოსელი ჯერ უნდა დაგიმორჩილოს, მერე  უფრო კარგად უნდა ,„გაგჟიმოს“, უნდა კარგად მიგიჩინოს ადგილი, რომ მეორედ აღარ მოგინდეს!  
 
მეორე რეაქცია, თუ მართლა „წაგასწრეს“ ლესბოსელობაზე - ობიექტივაციაა. „ორი კაცი ერთად საზიზღრობაა, მარა ორ ქალს რა ჯობია.“ თუ „ბოზის“ შემთხვევაში პენეტრაციით გემუქრებიან, ახლა დასჯის ფორმა ყურებაა. კარგად უნდა გიყურონ, იქამდე სანამ შენი სიამოვნება მთლიანად მისი არ გახდება და მთლიანად არ მოერგება მის სურვილებს, სანამ მთლიანად არ დაიცლება შენგან. 
 
დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ კაცებს, რომლებიც ქუჩაში ამკიდებია, ბარში თავი მოუბეზრებია, ყლე დაუნახვებია, ძალით უკოცნია, გაუპატიურება უცდია - სექსი უნდა, თავის სექსუალურ სურვილს ვერ აკონტროლებს, და რომ ეს ასეც უნდა იყოს, ასეთად შექმნა ბუნებამ. ძალადობა და სექსი ურთიერთშემანაცვლებელი სიტყვები იყო ჩემთვის. რაღაც შემთხვევებში ალბათ მართლაც არის სექსუალური სიამოვნება ტკივილთან და ტკივილის მიყენების სურვილთან დაკავშირებული, მაგრამ გაუპატიურებას და ძალადობას ერთი რამე განასხვავებს - თანხმობა! არც  ფლირტი, კომპლიმენტი, სადო-მაზოხისტური სექსი, გამომწვევი ქცევა არ არის ძალადობის მიზეზი, ან წინაპირობა. სექსუალური ზეწოლა და გაუპატიურება ხდება მოძალადის სურვილით დაგიმორჩილოს, განახოს ვინ არის მთავარი. ეს სურვილი არც ბუნებრივია და არც შეუცვლელი, ამ სურვილს კაცები სწავლობენ მაშინ, როდესაც ბავშვობაში კუტუზე კოცნიან და კუტუს ისე შეჰხარიან, თითქოს მსოფლიოში ყველაზე საოცარი ქმნილება იყოს; როდესაც უყურებენ როგორ უკეთებს დედა მამას საჭმელს ყოველ დღე და როგორ ურტყამს შემდგომ მამა, თუ მარილი დააკლდა; როდესაც სექს-მუშაკებთან მიჰყავთ მამებს და ბიძებს, რათა დაავაჟკაცონ და ამით პოტენციური რძლის სისპეტაკეს ინახავენ, სექს-მუშაკს კიდევ ისევ ბოზის კატეგორიაში აქცევენ. 
 
და რას სწავლობენ ამ დროს ქალები? სიჩუმეს! ჩუმად ტირილს, ჩუმად თავის მოკვლას, ჩუმად ბრაზს. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ბოზზე და ლესბოსელზე უფრო საშიში მაინც ენატლიკინა ქალია. 
 
 
ენატლიკინა
 
ენატლიკინას არ ეშინია ხმა ამოიღოს, როცა რაღაც არ მოსწონს. ის არა მარტო საკუთარ თავზე ძალადობას, არამედ სხვების მიმართ უსამართლობასაც არ ეგუება. ენატკლიკინას უყვარს სხვა ქალებთან ლაპარაკი და მოსმენა. ასეთ ქალებს ყველგან შევხვედრივარ - ერთ სოფელში ენატკლიკინა ქალები ხშირად იკრიბებოდნენ საღამოს და ერთმანეთს უყვებოდნენ თავიანთ ამბებს. ერთხელაც ამ ტლიკინის დროს გაირკვა, რომ ერთის ქმარს სხვა ქალების შეწუხება ყვარებია. ის კაცი საკუთარმა დედამ და ცოლმა სახლიდან გააგდეს. ასეთი ტლიკინა გოგოს გამო გააგდეს ჩვენი სკოლის დარაჯიც, რომელსაც პატარა გოგოების ძუძუებთან თამაში უყვარდა. ყველა მიღწევა რაც დღეს ქალებს გვაქვს, სწორედ ასე - ერთმანეთთან ლაპარაკით დაიწყო.  
 
თუმცა ენის ტლიკინი არც ასეთი მარტივია და ყოველთვის ბედნიერი დასასრულიც არ აქვს. სანამ ლაპარაკს დაიწყებ, ჯერ ენა, წელში გასწორება და ადამიანებისთვის თვალებში შეხედვა უნდა ისწავლო. არც იმის უნდა გეშინოდეს, რომ ვინმე ბოზს ან/და ლესბოსელს დაგიძახებს. აქამდე მისასვლელად ყველა ქალს თავისი გზა აქვს. მე პირადად დღიურში წერით დავიწყე. დღიურში ვწერდი ყველა შემთხვევას, როცა თავს დაუცველად, გარიყულად, შეშინებულად ვგრძნობდი. მერე დიდხანს ვბანაობდი, ვტიროდი, მუსიკას ვუსმენდი. ერთხელ შემთხვევით მეგობართან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ რაიმე ფორმით ყველას გამოუცდია სექსუალური ძალადობა. და ასე სხვა ქალებთან ლაპარაკი დავიწყე.  
 
ამასობაში მივხვდი იმასაც, რომ ენატლიკინას ვერ იტანენ პოლიციელები, მამები, ქმრები, ქუჩაში გამვლელები. ხშირად ქალებიც, იმიტომ რომ ვიღაცის ლაპარაკი, საკუთარ სიჩუმეზე აფიქრებთ. ენატლიკინას გაჟიმვა არ შველის, არაფერი შველის, იმიტომ რომ ქვეყანას მოსდებს ყველაფერს. რაც ყველაზე მთავარია, ენის ტლიკინი საშინლად გადამდებია. სადმე თუ ვინმემ ტლიკინი დაიწყო, ეგრევე მოედება ხოლმე ტყეში ხანძარივით. ამიტომ ტლიკინა უნდა გააჩერო ყველანაირი გზით -  მუქარით, გინებით, დაშინებით, დაცინვით, გარიყვით.  თუმცა ლაპარაკს სჭირდება ძალა და გამბედაობა, რომელიც მარტო ქალებს შეუძლიათ ერთმანეთს  მივცეთ გამოცდილების გაზიარებით. რა უნდა ქნან ამ დროს კაცებმა? უბრალოდ ჩუმად გვისმინონ.  
 
 
*ტექსტში მოყვანილი ყველა მაგალითი ეყრდნობა ავტორის პირად გამოცდილებას. ადამიანების და ადგილების სახელები შეცვლილია.