ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები 2015

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

 

კონკურსი  მიზნად ისახავს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვას, არაძალადობრივი, არადისკრიმინაციული კულტურის დანერგვასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას.

 

 კონკურსი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, მათ შორის:

 

• ქალთა უფლებების დარღვევის შემთხვევების, ქალთა მიმართ ძალადობისა  და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
• ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის კანონმდებლობის განხორციელების ხელშეწყობა;
• მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალთა უფლებების დასაცავად;
• საკანონმდებლო ინიციატივები;
• ქალთა უფლებების და გენდერული საკითხების აკადემიური კვლევა;
• კამპანიები ქალთა უფლებების დასაცავად, ძალადობის  და დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
• აღნიშნული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
• ქალთა მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან და ძალადობის რისკის ქვეშ არიან. 

 

საგრანტო კონკურსში “ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 

• ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
• ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც   ხელმძღვანელობენ ქალები;
• ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;
• ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.

 

 ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

 

• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე კოალიციურ ინიციატივებს და ახალგაზრდა ქალების ინიციატივებს.

 

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 6000 ევროს.პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 3 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულადაც) წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 ნოემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2015 წლის დეკემბრის ბოლოს.

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით,ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74,  0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

 

გისურვებთ წარმატებებს!