ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა - 2010


პროგრამა - ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში


პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს ისეთ მოწყვლად, ღარიბ და ძნელად მისადგომ რეგიონებში, როგორიცაა შიდა ქართლის პოსტ-კონფლიქტური ზონა, ჩრდილო კახეთი, ზემო იმერეთი და რაჭა. პროგრამის ფარგლებში ქალთა ეკონომიკური ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი გახდება მათთვის ახალი რესურსების შეთავაზებით მათივე ინიციატივების განსახორციელებლად, რაც ქალებს მეტ გამბედაობასა და შინაგან ძალას მისცემს ნაყოფიერ შრომაში სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი.

 

პროგრამა განხორციელების პირველ წელს შიდა ქართლში მცხოვრებ ქალებს დაეხმარება თავიანთი იდეების რეალიზაციაში მცირე ბიზნესის წამოწყების გზით: ბიზნეს უნარების განვითარებითა და მომგებიანი ბიზნეს გეგმების შედგენით, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებითა და კომპლექსური ცოდნის მიღებით გაიუმჯობესონ პირადი და თავიანთი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა. პროგრამა ფინანსური რესურსებით წაახალისებს და ხელს შეუწყობს ქალებს, რათა შემუშავებულ ბიზნეს იდეებს ხორცი შეასხან და ამით ზეგავლენა მოახდინონ თავიანთ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე.

 

პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები კომპლექსურია და გულისხმობს შემდეგ უმთავრეს კომპონენტებს:

1. პროგრამის მონაწილე ქალების შერჩევა რეგიონებში ტესტირების გზით
2. შერჩეული ქალების ტრენინგი "როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი"
3. საგრანტო კონკურსი ტრენინგის მონაწილე ქალებისათვის მცირე გრანტების მოსაპოვებლად.

 

პროგრამაში მონაწილეობისათვის ქალების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, უმუშევარ ან დაბალხელფასიან, იძულებით ადგილნაცვალ, მარტოხელა დედებს, ოჯახის მარჩენალ ქალებს.

 

პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით.

 

2010 წელს პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის სოფლებში - მეღვრეკისი, ტირძნისი, ბროწლეთი, ფხვენისი, ნიქოზი, ხვითი, ერგნეთი - გაიცა 47 მცირე, ინდივიდუალური გრანტი. გაცემულმა თანხამ შეადგინა 48 501,91 აშშ დოლარი.

 

აქედან სოფლის მეურნეობის სფეროში გაიცა 35 გრანტი, თანხით 35 718,01 აშშ დოლარი, მომსახურების სფეროში - 12 გრანტი, თანხით 12 783,90 აშშ დოლარი.