ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამა - 2011


ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამის ფარგლებში ფონდი ახორციელებს პროექტს ”ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტი 3 წლიანია და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონს: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და რაჭა.


პროექტის კომპონენტებია: პროექტის მონაწილეთა შერჩევა, შერჩეული ქალების ტრენინგი, მცირე საგრანტო კონკურსი ტრენინგის მონაწილეთა შორის, პროგრამის ევალუაცია და მონიტორინგი.


პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდის პარტნიორია ჰოლანდიური ორგანიზაცია ”საქართველოს მეგობართა ასოციაცია” (SVGG), რომლის თანადამფუძნებელი, გიორგი ხუციშვილი, თავად უძღვება პროექტის მონაწილეთა ტრენინგებს.


2011 წლის განმავლობაში პროექტმა მოიცვა: ახმეტა და ახლომდებარე სოფლები – ქისტაური, ზემო ხოდაშენი, მატანი, ალავერდი, ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, ბაბანეული; ქარელი და ახლომდებარე სოფლები – დვანი, რუისი, ღოღეთი, ფლევი; დევნილთა ჩასახლებები – ახალსოფელი და მოხისი; ჭიათურა და სოფლები –კაცხი, მღვიმევი, ბერევისა, ცხრუკვეთი და პერევი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4 ტესტირება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 266-მა ქალმა. ტესტირების საფუძველზე შერჩეული ქალებიდან 71 ქალმა გაიარა ტრენინგი (ხაშურში, ახმეტასა და ალვანში). ტრენინგის განმავლობაში ქალებმა განივითარეს ბიზნეს უნარები, შეადგინეს ბიზნეს-გეგმები. წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმები მცირე გრანტების გაცემამდე ქალთა ფონდმა პროექტის მონაწილე ქალებთან ერთად საჯაროდ განიხილა მათი შენიშვნებისა და არგუმენტების გასათვალისწინებლად.


2011 წლისათვის პროგრამის ფარგლებში გაიცა 50 ინდივიდუალური გრანტი.


დაფინანსებული პროექტების საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მეღორეობა, მესაქონლეობა, და სხვადასხვა სახის მომსახურება. ქალთა ფონდი სისტემატურად ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, მხარდაჭერილი პროექტები კონტროლდება მათი მიმდინარეობის ყველა ფაზაში.