თარიღი: 26/06/2017

ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოპი წყალტუბოში

2017 წლის 15-18 ივნისს, წყალტუბოში „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ორგანიზებით “ინტეგრირებული უსაფრთხოების” ვორკშოპი  ჩატარდა. ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს ქალთა ფონდისა და კვინა ტილ კვინას გრანგის მიმღები ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ფემინისტმა აქტივისტებმა.

 

ინტეგრირებული უსაფრთხოება არის ახალი მიმდინარეობა, რომელიც შეიქმნა ქალი უფლებადამცველებისთვის. მისი მთავარი ფოკუსია იმ რისკების, საფრთხეების, პრობლემების იდენტიფიცირება, რომელსაც ვაწყდებით აქტივიზმში და შემდეგ კი შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება ამ პრობლემებთან გამკლავებისა და გამოფიტვის თავიდან აცილებისთვის. 

 

ვორკშოპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მის მონაწილეებს ერთმანეთისთვის საკუთარი საქმიანობის თუ სხვა ტიპის გამოცდილება გაეზიარებინათ და გაეანალიზებინათ, რა იწვევს მათ გადაღლას, გამოფიტვას და როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება.

 

ვორქშოპის პირველი დღე ერთმანეთთან და ინტეგრირებული უსაფრთხოების არსთან გაცნობას დაეთმო. მომდევნო დღეებში მონაწილეებმა გადაიაზრეს ძალაუფლების განაწილების საკითხები და მოახერხეს საკუთარი ცხოვრების ისეთ საკითხებს ჩაღრმავებოდნენ, რისთვისაც ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში დრო არ რჩებათ.

 

მონაწილეებმა ერთად მოინახულეს ცივი ტბა და პრომეთეს მღვიმე, რომელმაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მონაწილეების განტვირთვას, ვორქშოპის გარეთ ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დაახლოებას.

 

ბოლო დღე დაეთმო დასვენებას, ფიზიკურ და ემოციურ განტვირთვას, მასაჟსა და ვარჯიშს. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ვორქშოპის მანძილზე თავს გრძნობდნენ მშვიდად, უსაფრთხოდ, დაფიქრდნენ საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლაზე, ხოლო საკუთარი ემოციების გულწრფელად გაზიარებამ ისინი ძალიან დააახლოვა ერთმანეთს.

 

პროექტი, რომლის ფარგლებშიც „ქალთა ფონდმა საქართველოში“ აღნიშნული ვორქშოპი ჩაატარა, ხორციელდება შვედური ქალთა ფონდის კვინა ტილ კვინას მხარდაჭერით.