თარიღი: 28/04/2020

შეაჩერე პანდემია: ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

 

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს იხსენებენ ადამიანებს, ვინც სამუშაოს შესრულებისას გარდაიცვალა, შეეზღუდა შესაძლებლობები, ან დაავადდა. ამავდროულად, ამ დღეს, მოქმედებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. წელს, 28 აპრილს აქცენტი “კოვიდ 19-ის” გლობალურ პანდემიაზე კეთდება.

ამ კრიტიკულ სიტუაციაში, შრომით უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დასაქმებულთა ჯანმრთელობისა  და სამუშაო პირობების დაცულობის ხარისხი აჩვენებს, რამდენად დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის პანდემიასა და მის თანმხლებ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავება.

უსაფრთხოების პირობების დაცვა ამცირებს იმ ადამიანების დაინფიცირების რისკს, ვინც პანდემიის შესაჩერებლად წინა ხაზზე მუშაობს - ექიმები, ექთნები, სანიტრები, პოლიციელები, ფარმაცევტები, სოციალური მუშაკები და სხვა. უსაფრთხოების პირობების დაცვა ზრდის პანდემიასთან ბრძოლის უნარს - უკეთ დაცული ჯანდაცვის მუშაკები, უკეთ უმკლავდებიან ვირუსის პრევენციასა და მკურნალობას, ხოლო უკეთ დაცული სოციალური მუშაკები უკეთ ეხმარებიან საზოგადოების კრიზისით დაზარალებულ წევრებს. იმ ქალებზე ზრუნვა, ვინც პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა, და მათი სხვადასხვა გზით ხელშეწყობა, იქნება ეს მუშაობის მოქნილი გრაფიკი, ბავშვის მოვლის თუ სამედიცინო სერვისები, ფიზიკური დისტანცირება, სამუშაო სივრცის ვენტილაცია, ჰიგიენისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა, ვირუსზე ტესტირება თუ ვაქცინაცია, უზრუნველყოფს სუპერმარკეტების თანამშრომლების, ექიმების, ექთნების, სანიტრების, ჟურნალისტების, პოლიციელების, კურიერების, დამლაგებლების და ა.შ. უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვას და, შესაბამისად, იმ მაღალი რისკის შემცველი სფეროების ეფექტურობას, რომლებიც პანდემიის პირობებში ფუნქციონირებენ.

სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება აჩვენებს, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო მიიღწევა რეფორმების გატარების გზით. ამიტომ, ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პანდემიის პირობებში დაცული და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები, სადაც მოიაზრება შემდეგი კომპლექსური საკითხები:

- იმგვარი სამუშაო რეჟიმი/საათები, რაც დასვენებისა და ძალის აღდგენის საშუალებას იძლევა;

- არაფორმალურად მომუშავე ადამიანების შრომის უფლებების დაცვა;

- ადეკვატური სამუშაო დროისა და პირობების შეთავაზება სხვადასხვა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის (ანაზღაურებული შვებულება, ბიულეტენი);

- შრომით კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და დაცვა".

აქვე, ვსარგებლობთ შესაძლებლობით, გაგაცნოთ პროექტი “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში”, რომელსაც “ქალთა ფონდი საქართველოში” პარტნიორებთან - “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო”, “ქვემო ქართლის მედია” და “უფლებებისა და განათლებისთვის” - ერთად, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში გადამზადდებიან ქალთა და შრომით უფლებებზე მომუშავე ჯგუფები და ორგანიზაციები. ისინი, შეძლებენ, შრომითი უსაფრთხოების თემაზე ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას და საკუთარი წვლილის შეტანას შრომის პირობების გაუმჯობესებაში. პროექტის მიმდინარეობისას, აღნიშნულ რეგიონებში მოქმედ საწარმოებსა და კომპანიებში იგეგმება ისეთი მექნიზმების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროებისა და შრომითი ექსპლუატაციისაგან. პროექტის პარტნიორები, ასევე, მუშაობენ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის საჭიროებაზე და შესაბამისი საკითხების ადვოკატირებაზე.