ერთობლივი პროექტი „ფემინისტური ლანდშაფტი - სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი ყველა ხმის ჩართულობით” უკრაინის, პოლონეთის, სომხეთისა და საქართველოს ქალთა ფონდებმა, გერმანული ქალთა ფონდ ფილიას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყეს. მისი მიზანია ქალთა/ფემინისტურ მოძრაობებში მეტი ინკლუზიურობის შემოტანა და არგინალიზებული ქალთა ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა.
ქალთა ფონდმა საქართველოში, პარტნიორი ორგანიზაციების მსგავსად, ადგილობრივ დონეზე საგრანტო პროგრამა გამოაცხადა და 4 გრანტიც გასცა.
საინიციატივო ჯგუფი „ლესბოსური წინააღმდეგობის“ ამავე სახელწოდების პროექტის მიზანია ლესბოსური წინააღმდეგობის გაძლიერება - სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა; ცოდნის გაზიარება ჯგუფის შიგნით; თვითზრუნვის პრაქტიკების დამკვიდრება; თემის წევრებში ქვიარ ფემინისტური იდეების გავრცელებისათვის ვირტუალური და ცოცხალი სივრცეების შექმნა.
მრავალეროვანი საქართველოს ქალები პროექტით „პატივი ეცით ჩემს სივრცეს“ ეცდებიან ქალების უხილავი და გაუჟღერებელი გამოცდილებების, დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების შესწავლას და თაობათა შორის დიალოგის ხელშეწყობას ქალთა ზეპირი ისტორიების შეგროვებითა და მათი ფემინისტური ანალიზით.
შშმ ქალთა ალიანსი აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ შშმ ქალთა და გოგონათა გაძლიერებაზე 8 თვის განმავლობაში იმუშავებს და ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში
მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველო კახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში მუსლიმი ქალების საჭიროებების თვისობრივ კვლევას ჩაატარებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აკადემიურ და არაფორმალურ წრეებში გამოკვეთს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი ქალების რეალურ საჭიროებებს და შემდგომ შესაძლებელს გახდის ინკლუზიური ფემინისტური დღის წესრიგის შედგენას.
პროექტის მონაწილე ქალთა ფონდებმა, საკუთარ გრანტის მიმღებებს შორის მცირე გამოკითხვაც ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო ფემინისტურ მოძრაობაში არსებული და უფრო აქტიურად ჩართვაში ხელისშემშლელი ბარიერების გამოვლენა.
პასუხებზე დაყრდნობით, ცხადი გახდა, რომ გამოკითხულ ჯგუფებს/ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ქალთა უფლებების და თანასწორობის კუთხით უკვე მიღწეული, მნიშვნელოვანი წინსვლა შესამჩნევია, თუმცა მისი განვითარების სამომავლო გზების ნათლად დანახვა უჭირთ. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ფემინისტურ მოძრაობას ინკლუზიურობა აკლია და მეტად ელიტისტურია.
თითოეულმა მათგანმა დაასახელა ის მტავარი მიზეზები, რის გამოც მოძრაობაში უფრო აქტიური მონაწილეობა უჭირთ. მათ შორისაა: ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულობა და ენის ბარიერი; ქვიარ ქალების, როგორც ჯგუფის აგენტობის არარსებობა; შშმ ქალების საჭიროებების არცოდნა ან უგულვებელყოფა; სადავო ფემინისტური დღის წესრიგი და ა.შ.
ინფორმაცია/ცოდნა და ეკონომიკური მხარდაჭერა ყველაზე ხშირად დასახელდა, როგორც მთავარი საჭიროება იმ ჯგუფებისთვის, რომელთაც გამოკითხული გრანტის მიმღები ჯგუფები/ორგანიზაციები წარმოადგენენ.